ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას
15 მაისი 2026
„ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მკაცრდება მიდგომები- აღარ იქნება შესაძლებელი მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთიდაიგივე დამფუძნებლების მიერ ახალი კომპანიების ჩამოყალიბება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტენდერებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
შეფერხებულ პროექტებზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობა იდენტიფიცირებულ პრობლემებზე დროულად რეაგირებს.
„ჩვენ გვაქვს გაჭიანურებული პროექტები, კრიზისულ პირობებში ვმართავთ მათ. ზოგი დასრულდება, ზოგთან კი შესაძლოა ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიწიოს. მთავარია, რომ გადაწყვეტილებები სამართლიანი იყოს და სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა არა პრობლემების წარმოშობის მიზეზების ძიება არამედ მათი სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაა.